Solana ბლოქჩეინში ChatGPT-ის აინტეგრირებს
დღითი დღე უფრო იზრდება იმ ბლოქჩეინების რიცხვი, რომლებიც თავიანთ ოპერაციებში ხელოვნურ ინტელექტს ნერგავენ, თუმცა Solana აცხადებს, რომ მათი ბლოქჩეინი იქნება პირველი Layer 1 ბლოქჩეინი, რომელიც მოხმარებლებს ChatGPT-ის "ფლაგინს" შესთავაზებს.
ამ პროექტის ავტორი Solana Labs-ია, რომელმაც სხვადასხვა სტრატეგიული გრანტებითა და აქსელერაციის პროგრამებში ჩართულობით მოხმარებლებს ახალი შესაძლებლობები შესთავაზა.
სოლანას თანადამფუძნებელმა, ანატოლი იაკოვენკომ განაცხადა:
"ყველა დეველოპერი, რომელიც მოხმარებელზე მორგებულ აპლიკაციას ქმნის, უნდა ფიქრობდეს, როგორ დანერგოს მასში ხელოვნური ინტელექტი, რადგან ეს არის კომპიუტერთან საუბრის ახალი პარადიგმა".
წინა ინტერვიუში კი იაკოვენკო საუბრობდა ChatGPT-ის მნიშვნელობაზე და საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:
"ენის ბუნებრივი ინტეფეისი, რომელსაც ChatGPT გვთავაზობს იმდენად დიდი ნახტომია, როგორც Microsoft-ის "ვინდოუსი" თუ პირველი კომპიუტერული "მაუსი". ჩვენ შევაბიჯეთ სრულყოფილად გამართულ ტექსტზე დაფუძნებულ ინტერფეისში, რომელსაც შეუძლია კომპლექსური დავალებების შესრულება".
რაც შეეხება განაცხადს თავად "სოლანას" ბლოქჩეინში ChatGPT-ის ფლაგინის ჩაშენებასთან დაკავშირებით, ის ამბობს, რომ ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ამარტივებს ხელოვნური ინტელექტი ისეთი რთული ტექნოლოგიის გაგებასა და გამოყენებას, როგორიცაა ბლოქჩეინი. "სოლანას" ეს პროექტი მოხმარებლებს მისცემს საშუალებას კარგად გაერკვიონ პროტოკოლის არსში და გამოიყენონ მისი აქამდე რთულად გამოსაყენებელი შესაძლებლობები უმარტივესი ინტერფეისის წყალობით.
მოხმარებლებს ამ მოდულის გამოყენებით შეეძლებათ უმარტივესად შეიძინონ NFT-ები, გაგზავნონ ტოკენები, შეამოწმონ ტრანზაქციები თუ გამოიყენონ "სოლანას" ბლოქჩეინის სხვა ბენეფიტები.
ისინი აგრძელებენ ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციაზე აქტიურ მუშაობას და გეგმავენ ამ მიმართულებით $10 მილიონამდე გრანტის გამოყოფას.